მეუფე იოანე ანანიაშვილის წერილები

 

ანანიაშვილი

ბლოგზე წარმოგიდგენთ მთავარეპისკოპოსის, იოანე ანანიაშვილის მიმოწერას ჩემს დიდ ბებიასთან, რომელიც ეპისკოპოსის სულიერი შვილი იყო. წერილები ინახებოდა ჩემს ოჯახში და ფართო საზოგადოებისათვის დღემდე უცნობი იყო. წერილები სავსეა ადამიანური გრძნობებითა და განცდებით. ჩანს, თუ როგორ მიატოვეს სასულიერო პირებმა და საპატრიარქომ განსაცდელში მყოფი ეპისკოპოსი, ნაცვლად თანადგომისა, პრაქტიკულად მარტოობისთვის გაწირეს. აღსანიშნავია, რომ მთავარეპისკოპოსს ბრალად დასდეს ჰომოსექსუალობა, რაც გახდა მიზეზი მისი დევნის. ეს იყო ოფიციალური ვერსია, თუმცა საზოგადოების ნაწილი და თავად ეპისკოპოსი, წერილებში აცხადებს, რომ მას ცილი დასწამეს.

ოფიციალური ბიოგრაფია:

დაიბადა 1948 წლის 5 იანვარს, გორის რაიონ სოფელ კირბალში. 1973 წელს ეკურთხა ბერად. 1977 წელს იყო ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარე, სადაც პატრიარქად აირჩიეს ილია მეორე. 1978 წელს ეკურთხა ეპისკოპოსად. 1983 წელს დააპატიმრეს და მიუსაჯეს 2 წლიანი პატიმრობა. სინოდის გადაწყვეტილებით ჩამოერთვა ეპარქია. გარდაიცვალა 1998 წელს. დაკრძალულია სამთავროს მონასტრის გალავანში.

„ქალბატონო ლოლა!

 

თქვენი ჩემდამი ერთგულებისა მუდამ მჯეროდა და ახლაც ასე მჯერა, მაგრამ თქვენს მიერ ასეთი დავიწყებით კი დიდად გაოცებული ვარ.

წმინდა მოციქული გვასწავლის, რომ ცუდია, როდესაც განგიკითხავენ, როგორც ავაზაკთა და ბოროტისმოქმედთო, ხოლო გიხაროდენ, როდესაც განგიკითხავენ, როგორც ქრისტეს მორწმუნეთო. მართალია, ოფიციალურად არ განმიკითხეს, როგორც ქრისტეს მორწმუნე და მსახური, მაგრამ თქვენ ხომ იცით, რომ სინამდვილეში ასე იყო? თქვენ ხომ იცით, სინამდვილეში ასე იყო? თქვენ ხომ იცით, რომ ანაფოროსან ზოგიერთ ავაზაკს უნდოდა ჩემი ადგილი და სხვა პირადი მიზნებიც ჰქონდა, ხოლო მათი ჩემდამო დანაშაულებრივი ქმედებით ისარგებლეს „კანონის მსახურებმა“ და იმის მაგივრად, რომ დამხმარებოდნენ სიმართლის დადგენაში, პირიქით, დაეხმარნენ ანაფორიან ავაზაკებს ჩემს განადგურებაში? ისიც ხომ იცით, რომ ანაფორიან ავაზაკთა ხელისშემწყობთ ჩემი განადგურებითა და გალანძღვით ჰსურდათ ეკლესიის გალანძღვა და მისი ავტორიტეტის შელახვა? ამდენად, ხომ იცით, რომ მე ყოვლად-უსამართლოდ ვიქმენ წამებული და გალანძღული და ჯერ-იყო ჩემს მხარში უმეტესად ამოდგომა? გინდაც მტრის გასახარადაც რომ ყოფილიყო, ერთი წამით დავუშვათ დაუშვებელი, – ნამდვილი მორწმუნეები ასეთ შემთხვევაში ხომ ეხმარებიან დაცემულს და ხელს აღუპრობენ აღსადგენად? ვიცი, რომ ჩემი ერთგული ხართ, ჩემო ლოლა, თქვენი  ოჯახური მდგომარეობა ხომ ვიცი და ვიცი, როგორო ავხსნა… მით უმეტეს, რომ ძნელად თუ სადმე დარჩა ვინმე, ვისაც წერილით თუ პირადად არ მოელოცოს ჯოჯოხეთიდან დაბრუნება. ძალად არს რწმენა იქნების, არც სიყვარული, ან მე ვინ მომცა უფლება, რომ ვინმესთან პრეტენზიები გამოვთქვა, მაგრამ ამას მაწერინებს თქვენდამი ჩვენი ძველი ღვთივ-სულიერი ურთიერთობის ძალა.

წინა კვირაში გამოვიარე თქვენთან სამსახურში, თან კიშინიოველი სტუმრები მყავდნენ. ვიფიქრე, რახან ლოლა არ მოდის ჩემთან, ისევ მე მოვძებნიმეთქი. უკვე წასულიყავით და ამიტომაც ბ-ნ **** ვთხოვე გადმოეცა თქვენთვის, რომ შაბათს, 21 სექტემბერს, ანუ ღვთისმშობლობას გვწვეოდით, გელოდით, მაგრამ…

მე სინდისი დამშვიდებული მაქვს იმით, რომ ცუდი არა ჩამიდენია რა და თუ ბოროტმოქმედებმა ცილი დამწამეს და მომერივნენ, რას ვიზამთ, მე კეთილი გულით დამემართა და მათი ძალადობითა და უკანონობით.

ღმერთმა მუდამ კარგად გამყოფოს თქვენიანებითურთ.

+ იოანე

/მთ. ეპ. იოანე, ანანიაშვილი

25. 09. 1985 წ.

მენჯი

ქალბატონო ****

დღეს მივიღე თქვენი წერილი და გულზე მომეფონა იმით, რომ მომეშვა სულის შემხუთავი ეჭვებ. ასევე თანასწორად დამაღონა თქვენი მდგომარეობის ცხადად წარმოდგენამ, როგორც სჩანს თქვენი წერილიდან.

მე იმ ჯოჯოხეთშიც არ დამვიწყებიხართ, ჩემო ლოლა, და პირადად ლოცვებში გიხსენებდით ცოცხალთაც და მიცვალებულებსაც. მე ჩემს მტრებზეც კი ვლოცულობდი, რადგანაც მწამდა და მწამს, რომ უკეთუ ისინი მოინანიებდნენ მათ მიერ ჩადენილ დანაშაულ, ჩემი ლოცვა დაადგრებოდა მათ თანა, ხოლო უკეთუ არ მოინანიებდნენ, მაშინ მშვიდობაი ჩემი მევე დამიბრუნდებოდა. ისიც გავიგე, რომ როდესაც ერთ-ერთ მორწმუნეს ჩემი სურათი ჩამოუღია კედლიდან და დაუმალია, თქვენ გამოგირთმევიათ და სახლში წაგიღიათ. მეცოდებიან, ნამდვილად მეცოდებიან ისინი, რომელნიც უნებური მეამუნენუ გახდნენ ჩემი უსამართლოდ განკითხვისა. იმ საცოდავებს დაავიწყდათ ქრისტე ღმერთის სიტყვები, რომ რომლითა საწყაულითა განმიკითხეს, მითვე საწყაულითა მიეზღვებათ.

ნამდვილად მენატრება, ჩემო ლოლა, თქვენთან ძველებური შინაურული საუბარი. დარწმნებული ვარ, რომ თქვენც ბევრად უფრო დაგიწყნარდებათ აწეწილი ნერვები.

…ჩვენ უნდა თვითონ  გავიბედნიეროთ ჩვენი ცხოვრება, თორემ ამ სახით, როგორც ჩვენ ვეპყრობით საკუთარ თავს, ჩვენ თვითონ უმეტესად ვიმძიმებთ საკუთარ ცხოვრებას. აი ამ წინააღმდეგობათა დაძლევაშიც უნდა ვხედავდეთ გარკვეულ ბედნიერებას.

კარგად მეყოლეთ, ჩემო ლოლა. უკეთუ როგორმე გამახარებთ თქვენი ნახვით და თქვენთან საუბრით, ძალიან კარგი იქნება.

+ იოანე

/მთ. ეპ. იოანე, ანანიაშვილი/

  1. 10. 1985 წ.

მენჯი

 

ჩვენთან არს ღმერთი!

 

გუშინ მივიღე თქვენი წერილი, მაგრამ საპასუხო მაშინვე გამოგიგზავნეთ, რადგანაც თავადაც ვერ გახლდით კარგად. უფალმა თქვენ არ მოგაკლოთ თვისი წყალობა უკუნისამდე.

ჩემი დისშვილი თამრიკო  ამჟამად თბილისში არის მოსამზადებელ კურსზე უნდა დაეწყო და ჯერ არ ვიცი საქმის მდგომარეობა.  მოაგვარებს აუცილებელ საქმეებს და ჩამოვა. ამჟამად ერთი მორჩილი ქალი მივლის – გაახაროს ღმერთმა. მალე დედაჩემის დაბადების დღე იქნება, უნდა მივულოცო და იქ აღვნიშნავ თქვენს შესახებაც და გადავცემ წერილობით თქვენს მოკითხვას

ფრიად ვწუხვარ, რომ ქალბატონი **** ავად ყოფილა. უფალი შეეწიოს მას, განკურნოს, აღადგინოს სნეულისა სარეცელიდან და დიდხანს ამსახუროს თვის წმინდა საქმეს. 15 ოქტომბერს ახალი სტ,. მოწამეთას მონასტერში ვიყავი დღესასწაულზე და ვილოცე ჩემს ერთგულ სასულიერო და საერო პირებთან ერთად. ლოცვის შემდეგ ვახშმად მიგვიწვია არქიმანდრიტმა თორნიკემ /გაგი/. ფრიად გადაღლილი იყო  და ჩვენც ვჩქარობდით. მან თბილად მოგიკითხათ თქვენ და ქალბატონი **** და მთხოვა გადმომეცა თქვენთვის მისი კეთილი სურვილები.

ახლა რაც შეეხება ტაძრის საქმეს: ქ-ნი ****  კეთილ საქმეს აკეთებს. ღვთის ტარის აშენება ან შეკთება დიდ წმიდა საქმეს წარმოაჩენს და ყველას ვისაც კი ჰსურს თავიანთი მიცვალებულების სულის გახარება, საკუთარ ცოდვათაგან განწმენდა და თავიანთ ხორციელად ცოცხალთა  დალოცვა და მათთან კეთილი ანგელოზის დამკვიდრება, ასეთნი სულითა და გულით, დიდი სიხარულით უნდა იღებდნენ მონაწილეობას ამ საღვთო საქმეში. რაც შეეხება  შენაწირი თანხის სიდიდეს, ამის შესახებ მოგახსენებთ, რომ უნდა შესწიროთ იმდენი, რამდენის საშუალებაც და სურვილიც გექნებათ. მე თავად მოგეხსენებათ  რომ დიდ ფინანსურ გაჭირვებას განვიცდი და პენსიონერი ვარ, მაგრამ მაინც შევწირე ერთი თვის პენსია ამ დიდებულ საქმეს. ამას არა ტრაბახით ვამბობ, არამედ სხვათათვის კეთილ სამაგალითოდ. ამიტომაც ყველას ასევე გირჩევთ. რაც შეეხება ტაძრის შეკეთების  შემდგომ მომავალს, ამაზედაც არაორაზროვნად ვიტყვი, რომ ჩვენ არ ვაცხადებთ წინდაწინ რაიმე პრეტენზიას. რადგანაც ჯერ არ არის საჭირო ამაზე ლაპარაკი. ტაძარი ჯერ დანგრევისგან გადასარჩენია და ჩვენ უნდა ვუმკურნალოთ მას და ეს არის მთავარი. თითეულ ტაძარსა და  ნატაძრალს, ნანგრევს აქვს თავისი მადლი  მადლს მიიღებს ყველა მორწმუნე . ბუნებრივია ღმერთი არ მოაკლებს თვის წყალობას ყველას, ვინც კი მისი ტარის შეკეთებისათვის იზრუნებს. ასევე იქნება ჩვენს შემთხვევაშიც. უკეთუ ეს ტაძარი მთლად დაინგრევა მხოლოდ იმიტომ, რომ ხალხს  ჰსურს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეკეთება, უკეთუ ტაძარი ამოქმედდება. ხოლო უკეთუ იგი მარტო შეკეთდება, მაგრამ მასში

წირვა-ლოცვა კი არ შესრულდება, ასეთ შემთხვევაში კი ისინი რას ისურვებენ  მის შეკეთებას- ასეთ შემთხვევაში დიდი და მიუტევებელი ცოდვა დაეწერებათ ასეთი. მით უმეტეს, რომ თითოეული ოჯახი არაფერს იშურებს პირადი, დროებითი და ხშირად უკეთილმიზნო ხარჯებისათვის.  ხოლო ღვთის ტაძარი წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია კი ინგრევა და მისი შეკეთებისთვის კი კაპიკიც კი არ ემეტებათ. ასეთნი ღვთის წყალობისა და წმინდა გიორგის მფარველობისაგან ფრიად განშორებულნი იქნებიან.ამდენად, ჩვენი მიზანი ასეთია, რათა ჯერ აღვადგინოთ ტაძარი, შევაკეთოთ, დანგრევისგან გადავარჩინოთ, გავალამაზოთ, რათა თითეულ ადამიანს, მორწმუნესა თუ ურწმუნოს თავისუფლად შეეძლოს მისი ნახვა, შიგ შესვლა, ლოცვა თუ მხოლოდ დათვალიერება და ესთეტიკური სიამოვნების მიღება, ხოლო მისი კანონიერი ამოქმედება არ გაჭირდება, უკეთუ მორწმუნე საზოგადოება ამას მოითხოვს, რადგანაც ახლა სხვა დროა, გორბაჩოვის დროა და თავად ბატონმა პატიაშვილმაც აღუთქვა ამას წინათ თბილისელ სტუდენტებს, რომ უახლოეს ხანებში აღდგენილი და ამოქმედებული იქნება ყველა ეკლესია, რაც შემორჩა და სადაც კი ამისი სურვილი ექნება მოსახლეობას.

საქმე უკვე დაწყებულია იმითაც, რომ ცხაკაიას რაიაღმასკომმა უკვე იმსჯელა ამ ტაძრის თაობაზე და აღძრა თავისი შუამდგომლობა ძეგლთა დაცვის მთავარი სამმართველოს წინაშე, რათა მათი დახმარებით და მორწმუნე საზოგადოების თუ სხვა მოქალაქეთა  ნებაყოფლობითი შენაწირი ფულით იგი შეკეთებულ და აღდგენილი იქნეს. ახლა პირველ რიგში საჭიროა, რომ პირველი დიდი რაოდენობის  ნებაყოფლობითი შენაწირი მოვაგროვოთ და გადავურიცხოთ  სახბანკის ცხაკაიას რაიგანყოფილების მეშვეობით ძეგლთა დაცვის სამმართველოს ამ ტარის ანგარიშში. ამის შემდეგ გამოიყოფა იქიდან კომისია და დაგეგმავენ გასაკეთებელ საქმეებს, შედგება მისი ამჟამინდელი მდგომარეობის ნახაზი, საბოლოო პროექტი და სხვა.  ერთდროულად, ჩვენ უნდა განვაგრძოთ შენაწირთა შეგროვება და გადარიცხვა ტარის ანგარიშზე, მანამ, სანამ საჭირო თანხა მოგროვდებოდეს. ამიტომ გაისად შეიძლება თითოეულმა ჩვენთაგანმა კიდევ გაიღოს შენაწირი. ოღონდ, კეთილი გულით.

გადაეცით ზუსტად ასევე ქალბატონ ****, ხოლო სხვებს კი, რათა ისინი არ დაბრკოლდნენ, უთხარით, რომ ტაძარი ამოქმედდება, მეტი არ ელაპარკოთ, რადგანაც ბევრი ლაპარაკი არ არის საჭირო.

ქალბატონ **** ასევე ასწავლეთ იმ მოქალაქეთა სახელები, ვინც უშურველად შეგვეწევა ამ საქმეში, შეიძლება თქვენს ნათესავებში ან თანამშრომლებში თუ ნაცნობ-მეგობართა შორისაც იყვნენ მამულიშვილურად განწყობილნი პირნი. უკეთუ რაიმე დაგაინტერესებთ, ნუ მოგერიდებათ, თავისუფლად მომმართეთ კითხვებით.

ღმერთმა თქვენ-ყოველთა შესახებ ბევრი კარგი მასმინოს, ამინ!

 

                                                   ეპ. იოანე ანანიაშვილი.

                                                       18.10.1988

                                                                                             მენჯი.“

 

 

 

 

 

დატოვე კომენტარი