ჯორდანო ბრუნო ინკვიზიციის წინაშე

bruno-giordano

***

1600 წლის 17 თებერვალს, რომში, ყვავილების მოედანზე ჯორდანო ბრუნოს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. ორ საუკუნეზე მეტ ხანს პროცესის გარემოებებსა და ბრუნოს სიკვდილით დასჯაზე არაფერი იყო ცნობილი. ვენეციისა და რომის ინკვიზიციის არქივის მასალები, რომლებიც ამ პროცესს ეხებოდა, მკვლევართათვის მიუწვდომელი იყო. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, კათოლიკური ეკლესიის აპოლოგეტები იმასაც აცხადებდნენ, რომ სიკვდილით დასჯას ადგილი არ ჰქონდა. 1885 წელს გამოქვეყნდა თეოფილე დედუის (Théophile Desdouits) წიგნი − „ტრაგედიული ლეგენდა ჯორდანო ბრუნოს შესახებ“, სადაც ავტორი ამბობდა, რომ ყვავილების მოედანზე ბრუნოს გამოსახულება დაწვეს, ხოლო ბრუნო დომენიკანელთა მონასტერში იყო სიცოცხლის ბოლომდე.

საეკლესიო იერარქების წინააღმდეგობის მიუხედავად, 1848-1849 წლებში ვენეციისა და რომის ინკვიზიციის არქივების მასალები ხელმისაწვდომი გახდა. 1867-1889 წწ. უმთავრესი დოკუმენტები გამოქვეყნდა. 1925 წელს კიდევ 26 რომის ინკვიზიციის დოკუმენტი გამოიცა, ხოლო 1942 წელს გამოქვეყნდა „ჯორდანო ბრუნოს საგამოძიებო საქმის მოკლე აღწერილობა“.

სწორედ 1942 წლიდან ხდება ხელმისაწვდომი ყველა დოკუმენტი, რომელიც ჯორდანო ბრუნოს პროცესს ეხება. სამწუხაროდ, დოკუმენტებს აკლია პროცესის ოფიციალური დასკვნა და საბრალდებო ტექსტი, საიდანაც გვეცოდინებოდა, თუ რატომ იქნა მიღებული სასიკვდილო განაჩენი. ეს მასალები შედიოდა იმ დოკუმენტების რიცხვში, რომელიც ნაპოლეონის ბრძანებით პარიზში იქნა გადატანილი, ხოლო მოგვიანებით მუყაოს ფაბრიკას მიყიდეს, როგორც მაკულატურა.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, რთულია, ვიპოვოთ ზუსტი მიზეზები ბრუნოს სასიკვდილო განაჩენის, თუმცა არსებული დოკუმენტები იძლევა ვარაუდების გამოთქმის საშუალებას.

აღნიშნულ საკითხზე ჩვენი ინტერესი, უმთავრესად იქიდან გამომდინარეობს, რომ ამ საკითზე ქართულ ენაზე თითქმის არაფერი დაწერილა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, საქართველოში ხსენებული პრობლემის შესწავლის გარკვეული ტრადიცია არსებობს. ის, ძირითადად, შემეცნებით ხასიათს ატარებს. ამ თემატიკამ, ძირითადად, ასახვა პოვა გაზეთებსა და ჟურნალებში, ასევე მხატვრულ ლიტერატურაში, რაც შეეხება სამეცნიერო ნაშრომს, ქართულ ენაზე თითქმის არ დაწერილა. ამიტომ წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს შექმნილი ხარვეზების ერთგვარ შევსების მცდელობას.

სანამ ჩვენთვის საინტერესო საკითხზე გადავიდოდეთ, მიმოვიხილოთ არსებული ტრადიცია, რომელიც საქართველოში არსებობს და შეეხება ჯორდანო ბრუნოს.

ჯორდანო ბრუნოს შესახებ ცნობები მე-19 საუკუნიდან გვხვდება. ამ მხრივ აღნიშვნის ღირსია გაზეთი „ივერიის“ 1889 წლის 6 ივლისის ნომერი, სადაც საუბარია ჯორდანო ბრუნოს ძეგლის დადგმის შესახებ. სტატიის ავტორი გახლავთ ალექსანდრე ფრონელი (ალექსანდრე ყიფშიძე).

ზემოხსენებულისაგან განსხვევებით, 1892 წელს ზაქარია ფრონელის მიერ, გაზეთ „ივერიაში“ იბეჭდება სტატია − „მეცნიერებისთვის წამებულნი“, სადაც ჯორდანო ბრუნოსთან ერთად ვხვდებით: როჯერ ბეკონს, ტომაზო კამპანელას, პიერ დე ლა რამე და სხვ.

ინტერესისათვის წარმოგიდგენთ მონაკვეთს, თუ რას წერდნენ ბრუნოს შესახებ: „ყველაზედ კი სასტიკად აწამეს სრულიად უდანაშაულო და ყველასათვის კეთილის მსურველი ჯიორდანო ბრუნო. ბრუნომ იტალიელთა გამოჩენილ ფილოსოფ-მეტაფიზიკოსმა, გაილაშქრა თეოლოგთა წინააღმდეგ იმ დროს, როდესაც ინკვიზიცია მუსრს ავლებდა ყველას, ვისაც-კი შეამჩნევდა ახალის რამის შემოღებას. ინკვიზიციელებმა შეიპყრეს იგი და მიუსაჯეს ცოცხლად დაწვა. ბრუნომ სიკვდილის წინ უთხრა მსაჯულთ: „თქვენი განაჩენი ჩემ შესახებ თქვენვე უფრო ძლიერ გაშინებთ, ვიდრე მე. ის დაწვეს კოცონზედ 1600 წელს.“

            საინტერესოა, საიდან იცოდა  ზაქარია ფრონელმა ეს ამბები ბრუნოს შესახებ? გასარკვევად გადავწყვიტეთ მოგვეძიებინა შესაბამისი ცნობები. როგორც ვახსენეთ, ზაქარია ფრონელმა თავის სტატიას „მეცნიერებისათვის წამებულნი“ დაარქვა. გავარკვიეთ, რომ ამავე სათაურით ძმ. თავართქილაძეების წიგნის მაღაზიას, 1898 წელს გამოუცია გასტონ ტისანდეს წიგნი. თუმცა, სტატია გამოქვეყნებულია 1892 წელს, ამიტომ ავტორი ვერ იხელმძღვანელებდა ძმ. თავართქილაძეების გამოცემით. ვვარაუდობთ, რომ ზაქარია ფრონელმა ბრუნოს შესახებ ამავე წიგნის, ოღონდ რუსული თარგმანისაგან შეიტყო, რომელიც 1880 წელს იქნა რუსეთში გამოცემული. ჩვენს ვარაუდს ისიც ამყარებს, რომ ბრუნოს სიტყვები, რაც ზაქარია ფრონელს მოყავს სტატიაში, გვხვდება რუსულ ვარიანტში. ამასთანავე, სტატიაში ნახსენები ყველა „მეცნიერებისათვის წამებული“, ნახსენებია წიგნშიც. ამის გარდა, პიროვნებებს შორის თანმიმდევრობა პრაქტიკულად იდენტურია. ამასთან ერთად, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ზაქარია ფრონელი ხელმძღვანელობდა რუსული თარგმანით, მეტყველებს პიერ დე ლა რამეს არა ფრანგული (Pierre de La Ramée), არამედ რუსული მნიშვნელობით (Пётр Рамус) გადმოტანა გაზეთ „ივერიაში“.

            რაც შეეხება მე-20 საუკუნეს, განსაკუთრებით საბჭოთა პერიოდში, ჯორდანო ბრუნო ძალიან პოპულარული თემა იყო, როგორც ჟურნალისტებისთვის, ასევე პოეტებისთვის. საბჭოთა ხელისუფლებაში ის აღიქმეოდა როგორც მეცნიერებისთვის მებრძოლად, რომელიც ეკლესიის მიერ იქნა დასჯილი.

ჯორდანო ბრუნოს დაწვის ყოველი წლის თავზე ჟურნალ-გაზეთებში იბეჭდებოდა სტატიები, რომელიც ამ მოვლენას გვამცნობდა. ამ მხრივ, საინტერესოა, ჟურნალი „მეცნიერება და ტექნიკის“ 1950 წლის N5. სტატიის დასაწყისშივე ვკითხულობთ: „… 1600 წლის 17 თებერვალს, რომის ინკვიზიციამ კოცონზე დაწვა უდიდესი სწავლული, შუა საუკუნეების ურჯუკოებისა და უმეცრების წინააღმდეგ დაუცხრომელი მერძოლი ჯორდანო ბრუნო… თავის სენაკში ის ფარულად გაეცნო ნიკოლოზ კოპერნიკის უკვდავ წიგნს „ციურ სხეულთა ბრუნვის შესახებ“ და მან შეიპყრო და გაიტაცა ბრუნო.“ მთელი სტატია ქმნის იმის ილუზიას, რომ ბრუნოს ინკვიზიცია მოზდევდა სწორედ იმიტომ, რომ თითქოს ის ამტკიცებდა, დედამიწის ბრუნვას მზის გარშემო. საინტერესო ამ სტატიაში ის არის, რომ თარგმნილია ბრუნოს პროცესის დოკუმენტების ნაწილი − ჯოვანი მოჩენიგოს დასმენები, ბრუნოს პირველი და მეორე დასმენის ნაწილი, განაჩენი და დაწვა.

სამეცნიერო-პოპულარული სტატიების გვერდით, ჯორდანო ბრუნოს არაერთი ლექსი მიუძღვნეს ქართველმა პოეტებმა, რომელთაგანაც მხოლოდ შოთა ნიშნიანიძე განვიხილავთ. შოთა ნიშნიანიძე თავის ლექში − „შემოქმედება თურმე ჯვარცმა“, ახსენებს ბრუნოს:

„ …ზოგ გამარჯვებას სდევს ანათემა,

ზოგ დამარცხებასდიდების ბუკი.

ბევრი ცრურწმენა გადანათდება

ჯორდანო ბრუნოს კოცონის შუქით...“ 

რაც შეეხება ნიშნიანიძის სხვა ლექსს,  „კომუნისტებში“ ჯორდანო ბრუნოს მიიჩნევს კომუნისტად:

„…სწორედ დღევანდელ დროს უპატაკებს

და გახლავთ ჩვენი თანამედროვე:

ჯორდანო ბრუნო…

ბულბა…

სპარტაკი…

ბიჭი გავროში…

ბერი თევდორე…“

ეს ლექსები კარგად ასახავენ ბრუნოსადმი დამოკიდებულებას საბჭოთა რეჟიმის დროს. ის მიიჩნევა ცრურწმენების დამანგრევლად და რაც მთავარია, კომუნისტად.

რაც შეეხება 21-ე საუკუნეს, ჯორდანო ბრუნო კვლავაც აქტუალურ თემას წარმოადგენს. არ წყდება კამათი იმის შესახებ, თუ რეალურად რა იყო მისი სიკვდილით დასჯის მიზეზი. სამწუხაროდ, არ არსებობს საფუძვლიანი ქართულენოვანი კვლევა, რომელიც დაადგენდა მიზეზებს და შეკითხვებს გასცემდა პასუხებს.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, შევეცდებით დავადგინოთ მიზეზები, თუ რამ განაპირობა ჯორდანო ბრუნოს სიკვდილით დასჯა 1600 წლის 17 თებერვალს.

***

            1592 წ. 22 მაისის საღამოდან 23 მაისის შუალედში ჯოვანი მოჩენიგოს[1] დასმენის საფუძველზე დააკავეს  ჯორდანო ბრუნო[2], ხოლო 23 რიცხვის ღამის 2 საათიდან 24 მაისამდე ის გადაიყვანეს ინკვიზიციის ციხეში. ჯოვანი მოჩენიგომ სამჯერ დაასმინა (23, 25 და 29 მაისს) ბრუნო. დასმენის ტექსტის ქართული თარგმანი არსებობს, ის ჟურნალი „მეცნიერება და ტექნიკის“ 1950 წლის N5-ში დაიბეჭდა, ამიტომაც თარგმნის საჭიროება არ არსებობს და ტექსტს აქვე წარმოგიდგენთ:

            1592 წ. 23 მაისი − პირველი დასმენა:

            „მე, ცუან[3] მოჩენიგო, შვილი ურწყინვალესი მარკო ანტონიოსი, სინდისის კარნახით და მოძღვრის ბრძანებით, მოგახსენებთ, რომ ნოლელ ჯორდანო ბრუნოსთან ჩემს სახლში საუბრის დროს ბევრჯერ მსმენია მისგან…[4] რომ მას არ მოსწონს არავითარი რელიგია, რომ ქრისტე იყო მატყუარა და აკეთებდა სიყალბეს ხალხის გასახრწნელად და ამიტომ ადვილად შეეძლო წინასწარ გაეთვალისწინებია, რომ ჩამოახრჩობდნენ… რომ სამყარო მარადია და არსებობენ ურიცხვი სისტემები…[5] რომ ცოდვისათვის მისაგებელი არ არსებობს…

            მან მიამბო, რომ განზრახვა აქვს გახდეს დამაარსებელი ახალი სექტისა სახელწოდებით: „ახალი ფილოსოფია“. ის ამბობდა, რომ ქალწულს არ შეეძლო შვილი ეშვა… რომ უნდა შეწყდეს საღვთისმეტყველო კინკლაობა და შემოსავალი წაერთვას ბერებს, ვინაიდან ისინი არცხვენენ ქვეყანას; რომ ყველა ისინი ვირები არიან; რომ ყველა ჩვენი შეხედულებანი წარმოადგენენ ვირების შეხედულებას; რომ არ მოგვეპოვება დამამტკიცებელი საბუთები იმისა, მიუძღვის თუ არა ჩვენს სარწმუნოებას დამსახურება ღმერთის წინაშე; რომ სათნო ცხოვრებისთვის სავსებით საკმარისია, არ ჩაიდინო სხვების მიმართ ის, რაც შენს თავს არ უსურვებ; რომ მას ანცვიფრებს, თუ როგორ ითმენს ღმერთი კათოლიკების ამდენ სიბილწეს.[6]

            მან მითხრა, რომ უკვე ადრე მას ბრალი დასდო რომის ინკვიზიციამ და, რომ არ დამალულიყო, შეპყრობილი იქნებოდა.[7]

            მე ავღნუსხე ყველა მისი შეხედულება, რათა დამებეზღებინა ის თქვენი უსამღვდელოესობის წინაშე, მაგრამ მეშინოდა  არ განგზავრებულიყო სხვაგან, რასაც ის, მისი სიტყვით, აპირებდა და ამიტომაც ჩავკეტე ოთახში, რათა დამეკავებინა და, ვინაიდან მე მას დემონების კერძად[8] ვთვლი, გთხოვთ სასწრაფოდ მიიღოთ ზომები მის წინააღმდეგ…“[9]

            მოჩენიგოს მეორე დასმენიდან (1592 წლის 25 მაისი) ვარკვევთ, რომ ბრუნოს არ ეშინოდა ინკვიზიციის. მოჩენიგოს ნაამბობიდან ჩანს, ბრუნოს ეგონა, რომ მოჩენიგო მას არ დაასმენდა და თუ ამას იზამდა, ყველაზე დიდი სასჯელი კი იქნებოდა, იძულებით შემოსილიყო მონაზვნის კაბაში. გარდა ამისა, ჯოვანი მოჩენიგო ამბობდა, რომ მან ბრუნოს დახმარების ხელი გაუწოდა, რათა უარი ეთქვა თავის შეხედულებებზე, სანაცლოდ კი მისი მეგობარი დარჩებოდა. დასმენიდან ვიგებთ, ბრუნომ ამ შემოთავაზებაზე არაფერი უპასუხა, ნაცვლად ამისა ბრუნომ საპირისპირო შემოთავაზება გაუკეთა, რაც გულისხმობდა მისი ცოდნის მოჩენიგოზე უკლებრივ გაზიარება. ამის შემდეგ, მოჩენიგო თავის დასმენაში ბოდიშს იხდის, რადგან უფრო ადრე ვერ ამოიცნო ბრუნოს შეხედულებები.

            მესამე დასმენაზე (1592 წლის 29 მაისი) მოჩენიგო აცხადებდა, რომ ის ინკვიზიციის თხოვნით, უნდა გაეხსენებინა ყველაფერი, რაც ბრუნომ წარმოთქვა კათოლიკური ეკლესიის წინააღმდეგ. მოჩენიგოს თქმით, ბრუნო ამბობდა, რომ ეკლესიამ დაკარგა პირვანდელი სახე, რომელიც მას გააჩნდა მოციქულების დროს. ნაცვლად სიყვარულისა, ბატონობდა ძალაუფლება. ყველა რელიგიასთან შედარებით, კათოლიკობა უფრო მეტად იზიდავდა, თუმცა თვლიდა, რომ საჭირო იყო დიდი ცვლელებები, რადგან ყველაფერი დიდხანს ვერ გასტანდა და სამყარო მალე იხილავდა დიდ გარდასახვას. მოჩენიგოს თქმით, ბრუნო ელოდებოდა დიდ გარდაქმნებს ნავარიის მეფისაგან (საფრანგეთის მეფე ანრი IV ) და ამიტომაც სურდა, დაეჩარებინა ის, რათა განეხორციელებინა თავისი ჩანაფიქრები.

1592 წლის 26 მაისს პირველად დაკითხეს ბრუნო. პირველივე დაკითხვისას  ბრუნო საუბრობს, თუ როგორ მოხვდა მოჩენიგოსთან. ბრუნოს თქმით, ის აპირებდა ფრანკფურტში წასვლას, სადაც სურდა გამოეცა თავისი შრომები. ამ ამბავმა მოჩენიგო განარისხა, ბრუნოს თქმით, ის შიშობდა, რომ ყოველივე იმას, რაც მას ასწავლა, სხვასაც ასწავლიდა და ამიტომაც სურდა ის არ გაეშვა. ბრუნო ამბობს, რომ ის არ აპირებდა დარჩენას, უკვე ჩაწყობილი ჰქონდა ბარგი, როცა ის დააკავეს. ბრუნო დაკითხვის ოქმში მიიჩნევს, რომ ეს იყო მოჩენიგოს მხრიდან უმადური საქციელი. ბრუნოს აზრით, სწორედ იმიტომ, რომ მან უარი უთხრა დარჩენილიყო, მოჩენიგომ შური იძია და დაასმინა.

            ჯოვანი მოჩენიგომ უმძიმესი ბრალდებები წამოუყენა ბრუნოს, რომელიც, რა თქმა უნდა, ბრუნომ უარყო. ამასთან ერთად, ჯოვანი მოჩენიგომ, პირველ დასმენაში ინკვიზიციას მიუთითა, რომ ასევე დაეკითხათ წიგნით მოვაჭრეები − ჯამბატისტა ჩოტო და ჯაკომო ბერტანო.

როდესაც ჩოტოს[10] მოთხოვეს დაეხასიათებინა ბრუნო, მან, განსხვავები მოჩენიგოსგან, ბრუნო დადებითად დაახასიათა. ერთი თვის შემდეგ ჩოტო კვლავ იხმეს დაკითხვაზე, მან ახალი არაფერი გაიმეორა, გარდა ერთისა, რომელიც გარკვეულწილად ბრალდებულის პოზიციებს ამყარებდა: ჩოტოს თქმით, ბრუნოს სურდა დაეწერა წიგნი და მიეძღვნა პაპისათვის. ჩოტოს შემდეგ დაიკითხა ჯაკომო ბერტრანო[11], თუმცა მან ინკვიზიციას ხელჩასაჭიდი არაფერი მისცა.

ზემოთ ვახსენეთ, რომ ბრუნომ უარყო ყველა ბრალდება, რომელიც მოჩენიგომ წამოუყენა, ამას ისიც დაერთო, რომ დაკითხულებმა ბრუნოს შესახებ დადებითად ისაუბრეს, რაც იურიდიულად ბრუნოს აყენებდა მომგებიან პოზიციაში, მას ადანაშაულებდა მხოლოდ ის მხარე, რომელიც მიდი დასჯით იყო დაინტერესებული. სავარაუდოდ, ბრუნო თვლიდა, რომ მას სამხილების არარსებობის გამო გაანთავისუფლებდნენ, თუმცა ამ დროს მასზე გამოჩნდა ახალი დასმენები უშუალოდ თანამესაკნეებისაგან.

რაში დებდნენ ბრალს თანამესაკნეები ბრუნოს?

მათი დასმენები შემორჩენილია „ჯორდანო ბრუნოს საგამოძიებო საქმის მოკლე აღწერილობაში“. ქვემოთ შევეცდებით განვიხილოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი დასმენა.

ჯორდანო ბრუნო კათოლიკობის შესახებ:

ფრანჩესკო გრაციანო[12], თანამესაკნე: „ის, (ბრუნო) ამბობდა, რომ კათოლიკური რწმენა სავსეა მკრეხელობით… ის ამტკიცებდა, რომ ჩვენი რწმენა ღვთისთვის იყო მიუღებელი და ამბობდა, რომ ბავშვობიდანვე იქცა კათოლიკური რწმენის მტრად და რომ ატანა არ შეეძლო წმინდანთა გამოსახულებების და პატივს მიაგებდა მხოლოდ ქრისტეს, თუმცა შემდგომში ისიც უარყო… ის ამბობდა, რომ ეკლესია უკეთურებისა და ვირებისაგან იმართება. ის ხშირად იმეორებდა, რომ გერმანიაში ძალიან ფასობდა ლუთერის შრომები, მაგრამ მათ ახლა არ ცნობენ,იმის შემდეგ, რაც მისი შრომები გაიცნეს და მის გარდა არაფერი სურდათ. ამბობდა, რომ გერმანიაში დაარსა სექტა და თუ ციხიდან გამოვიდოდა, ის დაბრუნდება მათთან… მას სურს, რომ სექტას „ჯორდანისტები“ უწოდონ. მან ჩემი ჩათრევაც სცადა სექტაში, თუმცა განვუცხადე, რომ არ ვაპირებდი „ჯორდანისტად გახდომას“… ის ამბობდა, რომ ინგლისში, გერმანიასა და საფრანგეთში, სადაც ის იმყოფებოდა, მას მიიჩნევდნენ კათოლიკური რწმენისა და სხვა სექტების მტრად და ამიტომას მას მფარველობდნენ, როგორც ფილოსოფოსს, ჭეშმარიტების მასწავლებელს და რომ არა მისი ბერობა, მის წინაშე მუხლებსაც მოიდრეკდნენ“.

            მატეო დე სილვესტრი[13], თანამესაკნე: დღე არ ჩაივლიდა, რომ არაფერი ეთქვა (ბრუნო) ეკლესიაზე. ის ამბობდა, რომ მისი (ეკლესიის) მმართველები − ბერები და მღვდლები უკეთურები და ვირები არიან.“

            ქრისტეს შესახებ

ძმა ჩელესტინო[14], კაპუცინი, თანამესაკნე: „ჯორდანო ამბობდა, რომ ქრისტე არ იყო ჯვარცმული, ის ბოძზე ჩამოახრჩვეს…“

            ფრანჩესკო გრაციანო: „მისგან მსმენია, რომ ქრისტე მოკვდა სამარცხვინო სიკვდილით და რომ წინასწარმეტყველი, როგორც ქრისტე, მოკვდნენ როგორც თაღლითები, რადგან ყველაფერს, რასაც ისინი ამბობდნენ, იყო ტყუილი“.

            ურიცხვი სამყაროების შესახებ

ძმა ჩელესტინო: „ჯორდანო მეუბნებოდა, რომ არსებობს ურიცხვი სამყაროები, რომ ყველა ვარსკლავი − სამყაროა და უდიდესი უმეცრებაა გჯეროდეს, რომ არსებობს მხოლოდ ეს სამყარო“.

            ძმა ჯულიო[15], თანამესაკნე: „მე მისგან მსმენია… ყველა ვარსკლავი სამყაროა და ზევით და ქვევით არსებობს უამრავი სამყარო.“

            მატეო დე სილვესტრისი, თანამესაკნე: „შემდეგ მან თქვა, რომ სამყარო არის უსასრულო და არსებობს ათასობით სამყარო და უველა ვარსკლევი, რამდენიც ჩანს − სამყაროა.“

            უნდა აღინიშნოს, სამყაროს უსასრულობის შესახებ წამოყენებულ ბრალდებებს, ბრუნო არ უარყოფდა. ის ამბობდა, რომ საკუთარ წიგნებში შესაძლებელია აღმოაჩინო მისი ასეთი შეხედულებები. ის თვლიდა, რომ სამყარო არის ურიცხვი. ის ასევე ამატებს, რომ ყოველს სამყაროში აუცილებლად არსებობს, როგორც დედამიწაზე, ზღვა, მდინარე, მთები, ხეობები, ცეცხლი, ცხოველები და მცენარეები. რაც შეეხება ადამიანებს, არსებობენ გონიერი არსებები, მსგავსად ჩვენი აგებულებისა.

საქმის ოქმებიდან იქმნება შთაბეჭდილება, რომ ბრუნო დამნაშავეა, თუმცა რაში სდებდნენ ბრალს, ამის შესახებ განაჩენი არაფერს ამბობს. საინტერესოა, საჯაროდ რატომ არ ამოიკითხეს, თუ რაში დებდნენ ბრალს ბრუნოს? იქნებ, ერიდებოდნენ ბრუნოს „მკრეხელობით“ მორწმუნეთა გრძნობების შეურაწყოფის? ფაქტი ფაქტად რჩება: ამის შესახებ ინკვიზიციის საბუთები დუმს.

ამასთან ერთად, საინტერესოა, რატომ გრძელდებოდა რვა წელი პროცესი? თუ ეს უბრალო ერეტიკოსი იყო, მაშინ რატომ დასჭირდა ინკვიზიციას რვა წელი, მითუმეტეს პროცესისთვის ეხელმძღვანელა ცხრა კარდინალს? თუმცა, პროცესის გაცნობის შედეგად ვაცნობიერებთ, რომ რომმა კარგად იცოდა, საქმე არ ჰქონდა უბრალო მკრეხელთან ან ერეტიკოსთან. 1592 წლის 22 დეკემბრის წერილში, რომის პაპი კლიმენტი მეერვე ითხოვს ვენეციის ინკვიზიციისგან, რომ გადასცენ რომს ჯორდანო ბრუნო. ამასთან ერთად, წერილში საუბარია: „ეს განდგომილი, რომელიც წერდა და გამოსცემდა ერეტიკულ წიგნებს, რომლებსაც აქვს მითითება, რომ დაბეჭდილია ვენეციაში,[16] როდესაც სინამდვილეში ისინი გამოცემულია ერეტიკულ ქვეყნებში. ადრე ის აქიდან გაიქცა ნეაპოლში, შემდეგ იქიდან და იქიდან მოვზდევთ მას. ის ცხოვრობდა ჟენევაში, საფრანგეთსა და ინგლისში, ჰქონდა მუდმივი ურთიერთობა ერეტიკოსებთან და ღიად იცავდა საკუთარ შეხედულებებს…“

            უნდა აღინიშნოს, რომ ინკვიზიცია ძალიან კარგად იცნობდა ბრუნოს შემოქმედებას, რაზეც მოწმობს ის, რომ ბრუნოს სიკვდილით დასჯის შემდეგ მისი წიგნები აკრძალეს.

მაინც რას ასწავლიდა ბრუნო ამ წიგნებში? რომ სამყარო უსასრულოა, რასაც დაკითხვის ოქმებიც ადასტურებს? ა. ლოსევის თქმით, ბრუნოს მიერ გაჟღერებული მოსაზრებები არამარტო მას, არამედ ჰქონდა ნიკოლოზ კუზანელს, ფიჩინოს, კოპერნიკს და ა.შ. თუმცა, ინკვიზიციამ მხოლოდ ბრუნო გაწირა სასიკვდილოდ. ლოსევი აანალიზებს მსგავს სელქციას  და წერს, რომ ის ავითარებდა იდეას პანთეიზმის, რომელიც დამახასიათებელი იყო წარმართობისთვის, რაც თავისთავად გულისხმობდა წმინდა სამების უარყოფას, როგორც სამყაროს შემქმნელისა. სწორედ ამ წარმართული ნეოპლატონიზმისთვის თვლის ლოსევი ბრუნოს დასჯილად.

ლოსევის აზრით, ბრუნო დასაჯეს წარმართული ნეოპლატონიზმისთვის, თუმცა არსებობს მეორე მოსაზრება, რომ ბრუნო ინკვიზიციამ შეიწირა კოპერნიკანელობისთვის. თუმცა, ეს ასე არ არის, რადგანაც თვითონ კოპერნიკი არავის დაუსჯია საკუთარი იდეებისთვის, ის 1543 წელს გარდაიცვალა. ბრუნო სიკვდილით 1600 წელს დასაჯეს, ხოლო კოპერნიკის წიგნი − „ციურ სფეროთა მოძრაობის შესახებ“ აკრძალულ წიგნთა ინდექსში შედის ბრუნოს გარდაცვალებიდან 16 წლის შემდეგ − 1616 წელს. ამასთან ერთად, ინკვიზიტორები არ ინტერესდებიან დაკითხვების დროს კოპერნიკით. მაშინ რისი ბრალი უნდა იყოს 1616 წელს კოპერნიკის წიგნის აკრძალვა? ჩვენია აზრით, ამაში გარკვეული ბრალი ბრუნოს მიუძღვის, რადგანაც მან მოახდინა კოპერნიკის მეცნიერულ-მათემატიკური დასკვნების გასხვავებულად  ინტერპრეტაცია, რითაც დიდი მეცნიერის შრომას ტაბუ დაედო. ჩვენი ვარაუდი დაფუძნებულია ჯორდანო ბრუნოს ნაშრომზე − „ნადიმი ფერფლზე“, სადაც ის კოპერნიკის შესახებ ამბობს: ის (კოპერნიკი) გამოიგზავნა ღმერთების  მიერ, როგორც  ალიონი წინმსწრები ჭეშმარიტი  ანტიკური ფილოსოფიის  ამომავალ  მზის, საუკუნების  მანზილზე  ჩაფლულს   სიბრმავისა და ბოროტების, უსინდისო, შურიანი  უწიგნურობის ბნელ  გამოქვაბულებში. აქიდან ჩანს, რომ ბრუნოს კოპერნიკი აინტერესებს არა როგორც მეცნიერი, არამედ იმ თეორიის გამამყარებელი, რომელზეც ლოსევი საუბრობს.

ჯორდანო ბრუნოს განაჩენის ტექსტს აკლია უმთავრესი დეტალი − საბრალდებო მუხლები. ნახსენებია მხოლოდ „8 ერეტიკული დებულება“, ხოლო უცნობია რა იგულისხმებოდა ამ დებულებებში. რადგანაც ჯორდანო ბრუნოზე წამოყენებული ბრალდებების შესახებ დუმს ინკვიზიციის დოკუმენტები, საბედნიეროდ, არსებობს იეზუიტი კასპარ შოპეს[17] წერილი, პიროვნების, რომელიც ესწრებოდა ბრუნოს სასამართლოს. შოპე წერილს უგზავნის მეგობარს და ესაუბრება ჯორდანო ბრუნოს სიკვდილით დასჯის მიზეზებზე. ეს წერილი გარკვეულად სურათს ქმნის, თუ რისთვის გაასამართლეს ბრუნო, ამიტომაც გთავაზობთ წერილის თარგმანს: „… ამ წიგნებში ის ასწავლიდა… რომ სამყაროები უსასრულოა, რომ სული გადაადგილდება ერთი სხეულიდან მეორეში და სხვა სამყაროში, რომ სულიწმინდა არის სამყაროს სული… მოსე სასწაულებს მაგიის საშუალებით აკეთებდა და ამ საქმებში ეგვიპტელებსაც კი სჯობდა. მოსემ გამოიგონა თავისი კანონები, რომ წმინდა წერილი მოჩვენებაა, ეშმაკი კი იქნება დახსნილი. ადამი და ევასაგან იშვნენ მხოლოდ ებრაელები, დანარჩენი ადამიანები მომდინარეობენ იმ ორისაგან, რომელიც ღმერთმა ერთი დღით ადრე შექმნა. ქრისტე არაა ღმერთი, ის იყო ცნობილი ჯადოქარი  და არა ჯვარცმული და ამიტომ დამსახურებულად ჩამოახრჩვეს. წინასწარმეტყველები და მოციქულები იყვნენ უვარგისი ადამიანები, ჯადოქრები და მათი უმრავლესობა ჩამოახრჩვეს… პირადად რომ არ დავსწრებოდი წმინდა ინკვიზიციის სასამართლო სხდომას, შესაძლოა, ჭორების მეც დამეჯერა, რომელიც ხალშია გავრცელებული, თითქოს ჯორდანო ბრუნო ლუთერანობისთვის დაწვეს…“

            წერილიდან ერთ რამეს ვარკვევთ, რომ ხალხში არსებობდა ჭორები, რომელთა მიხედვითაც ბრუნო დაისაჯა ლუთერანობისათვის, თუმცა ამას კასპარ შოპე უარყოფს.

            1600 წლის 20 იანვარს ბრუნოს გამოუტანეს სასიკვდილო განაჩენი. როგორც ტექსტიდან ვარკვევთ, ინკვიზიციამ ბრუნოს შესთავაზა რამდენჯერმე მონანიება, თუმცა მან, საბოლოო ჯამში, უარი განაცხადა საკუთარი იდეოლოგიის უარყოფა. კათოლიკური ეკლესიას ძალიან სურდა ბრუნოს მოენანიებინა, რადგან იყო 1600 წელი, ანუ რომში იდგა საიუბილეო წელი, რაც იმას გულისხმობდა, რომ ქალაქში ჩამოვიდოდა უამრავი პილიგრიმი, ხოლო ბრუნოს მონანიების შემთხვევაში ეკლესია მას მიუტევებდა და ხალხს დაანახებდა, რომ რაოდენ დიდსულოვანია კათოლიკობა. რადგანაც ბრუნო მყარად იდგა თავის არჩევანზე, გამოიტანეს სასიკვდილო განაჩენი და აღასრულეს 1600 წლის 17 თებერვალს, რომში.

 

***

ჯორდანო ბრუნოს დაწვიდან 416 წელი გავიდა. ფაქტია, რომ ის ინკვიზიიც ხელით დაზარალდა, რისი უარყოფა აბსურდია. თუმცა ერთ რამეში დავრწმუნდით, რომ ბრუნო არ დასჯილა მეცნიერული იდეებისთვის, რადგან მას ისინი არ გააჩნდა. ის იყო პანთეიზმის იდეის მომხრე, რასაც, რა თქმა უნდა, კათოლიკური ეკლესია ვერ დაუშვებდა, რადგანაც მიმდინარეობდა კონტრრეფორმაცია. ამასთან ერთად, ნაწარმოებებში, გარდა პანთეისტური იდეებისა, ის ქრისტეს ორ − ადამიანურ და ღვთაებრივ ბუნებასაც უარყოფს. „ტრიუმფალური მხეცის განდევნის“ დიალოგში ბრუნო დასცინიც საეკლესიო სწავლებას ქრისტეს ორი ბუნების შესახებ და ქრისტეს ადარებს ბერძნული მითოლოგიის კენტავრს, ქირონს − ნახევრად ცხოველს და ნახევრად ადამიანს.

გარდა ერეტიკული მოძღვრებებისა, იყო პოლიტიკური მოტივებიც: ბრუნომ იმოგზაურა გერმანიაში, შვეიცარიაში, ინგლისსა და საფრანგეთში. საფრანგეთის გარდა, ხსენებულმა ქვეყნებმა უარყვეს კათოლიკობა, რომელთაც ეკლესია ერეტიკულ ქვეყნებად მიიჩნევდა. არაა გამორიცხული, რომ ბრუნოს ამ ქვეყნებში ყოფნით ეკლესიას ეეჭვა, რომ მათი იდეოლოგიის გამტარებელი იქნებოდა, რაც, თავისმხრივ, ეკლესიის პოზიციებს შეასუსტებდა.

რაც ყველაზე მთავარია, ბრუნო იყო მღდელი, რომელმაც კაბა გაიხადა. კათოლიკური ეკლესია ვერ დაუშვებდა ბრუნოსთვის ეპატიებინა მსგავსი ქმედება, რადგან ეს იქნებოდა მათი პოზიციების დათმობის ნიშანი, რასაც კონტრრეფორმაციის პერიოდში ის ვერ დაუშვებდა.

გერმანელი პროფესორი შრედერი 1889 წელს გამოეხმაურა ბრუნოს ძეგლის დადგმას რომში და თქვა ასეთი რამ: „…ვინ იყო ჯორდანო ბრუნო? ეს იყო დაცემული ბერი, კაბაგახდილი მღვდელი, უზნეო ადამიანი, აჯანყებული ქრისტესა და ეკლესიის წინააღმდეგ, ღმერთის უარმყოფელი, მტერი ტახტისა და საკურთხევლის, მოკლედ რომ ვთქვათ − რევოლუციონერი.“

კათოლიკურმა ეკლესიამ შენიშნა რევოლუციონერი, რომელიც მის იდეოლოგიას პოლიტიკურ საფრთხეს უქმნიდა. ჯორდანო ბრუნოსა და ინკვიზიციას შორის ბრძოლა არ იყო ბრძოლა მეცნიერებისთვის, ეს იყო ბრძოლა ორ რელიგიას − კათოლიციზმსა და წარმართობას შორის.

კომენტარები: 

[1] ჯოვანი მოჩენიგოახალგაზრდა ვენეციელი წარჩინებული, მდიდარი ვაჭარი. ის იყო იმ საბჭოს წევრი, რომელსაც ეხებოდა ერესების საკითხი.

[2] ჯორდანო ბრუნოდაიბადა 1548 წელს, ნოლაში. 1572 წელს მღვდლის ხარისხში იქნა აყვანილი. 1576 წელს გარბის მონასტრიდან და იწყებს ევროპის გარშემო მოგზაურობას. 1592 წელს ბრუნდება იტალიაში ჯოვანო მოჩენიგოს მოპატიჟებით და მას ასწავლის მნემონიკის ხელოვნებას.

[3] ნაცვლად ჯოვანისა, ტექსტში ის მოიხსენიება, ცუან მოჩენიგოდ. − იხ. [20] ჟურ. „მეცნიერება და ტექნიკა“. თბ., 1950, N5. გვ. 32.

[4] ტექსტში ამ ადგილზე უნდა იყოს შემდეგი ფრაზა: „რომ, როდესაც კათოლიკეები ამბობენ, თითქოს პური მიესადაგება სხეულს, ეს არის უდიდესი სიცრუე; რომ ის მტერია ტრაპეზის.

[5] ამ ადგილზე უნდა იყოს: რომ ქრისტე მცირე სასწაულებს ჩადიოდა და ის იყო მაგი, როგორც მოციქულები, რომ მასაც შეეძლო მსგავსი და უფრო დიდი სასწაულების მოხდენა, ვიდრე მათ; ქრისტე კეთილი ნებით არ კვდებოდა, არამედ ყველანაირად ცდილობდა, თავი დაეღწია სასიკვდილო განაჩენისგან.  

[6] „სიბილწის“ ნაცვლად ტექსტში ნახსენებია ერესი.

[7] ამ წინადადებას აკლია მიზეზი, თუ რისთვის დასდო ინკვიზიციამ ბრალი. ტექსტში მიზეზად ნახსენებია ე.წ. „130 თეზისი“.

[8] ნაცვლად „კერძისა“, უნდა იყოს: მე მას დემონებით შეპყრობილად ვთვლი. 

[9] ჟურ. „მეცნიერება და ტექნიკა“. გვ. 32-33.

[10] ჯამბატისტა ჩოტო – ვენეციაში მხოვრები სიენელი წიგნით მოვაჭრე. ბრუნი გაიცნო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე.

[11] ჯაკომო ბერტრანოვენეციელი წიგნით მოვაჭრე. ბრუნოს შეხვდა ფრანკფურტსა და ციურიხში.

[12] ფრანჩესო გრაციანოწარმოშობით უდინედან. 80-იან წლებში ცხოვრობდა ვენეციაში, სადაც წიგნების თარგმნით და გადაწერით საქმიანობდა. 1584 წელს დააპატიმრე ვენეციის ინკვიზიციამ ერესის ბრალდებით (გამოდიოდა სასულიერო ხელისუფლების წინააღმდეგ, უარყოფდა „კონსტანტინეს ნაბოძარის“ ნამდვილობას.). 1585 წელს გაანთავისუფლდა, თუმცა მალევე დააპატიმრეს და მიუსაჯეს სამუდამო პატიმრობა. 1592-1593 წლებში ბრუნოსთან ერთად საერთო საკანში იხდიდა სასჯელს. 1598 წლის თებერვალში გაანთავისულეს პატიმრობიდან.

[13] მატეო დე სილვესტრი მისჯილი ჰქონდა 10 წელი პატიმრობა.

[14] ძმა ჩელესტინო  −ჯოვანი ანტონიო დი ლატანცი არიგონი (ძმა  ჩელესტინოს სახელი ერში). ის იყო წარმოშობით ვერონიდან. 1587 წლიდან იყო ბრალდებული ერესში. პატიმრობას იხდიდა ბრუნოს საკანში.

[15] ძმა ჯულიო  −ერში  ჯულიო დე სალო, კარმელიტების ორდენის ბერი.

[16] მესამე დაკითხვაზე ბრუნოს კითხეს, მის წიგნებზე მითითება, თუ სად იყო გამოცემული, ასახავდა თუ არა გამოცემის ზუსტ ადგილს. ამ შეხითხვაზე ბრუნომ უპასუხა, რომ „ყველა წიგნს, რომელზეც მითითებულია, რომ დაბეჭდილია ვენეციაში, სინამდვილეში დაიბეჭდა ინგლისში.

[17] კასპარ შოპემ 1599 წელს უარყო პროტესტანტიზმი და კათოლიკობის მხარეს გადმოვიდა.. .

კომენტარის დატოვება

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s